SIMSEA-ს მემკვიდრეობის გაგრძელება შავი ზღვის საიდუმლოებების ამოხსნას ისახავს მიზნად
ევროპის ყველა რეგიონული ზღვისთვის ეკოსისტემის მოდელების დანერგვა ერთობლივმა კვლევითმა ცენტრმა (JRC) დაისახა მიზნად, მაგრამ შავი ზღვა განსაკუთრებით პრობლემატური აღმოჩნდა. „ჩვენი ძალისხმევა რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ უმკლავდებოდა შავი ზღვის კომპლექსურ ჰიდროდინამიკას და სადოქტორო კვლევამაც კი მარცხი განიცადა,“ აცხადებს ადოლფ სტიპსი ერთობლივი კვლევითი ცენტრიდან, რომელიც ამჟამად საზღვაო მოდელირებაზეა პასუხისმგებელი. „საბოლოოდ, ჩვენ შავი ზღვის ჯერ ჰიდროდინამიკური, ხოლო მოგვიანებით ბიოგეოქიმიური მოდელის განხორციელება შევძელით, რაც მედუზის ინვაზიურ სახეობებსაც მოიცავდა და ამით დავასრულეთ ევროპის საზღვაო მოდელირების ხელსაწყოების შევსება.“
განვითარება SIMSEA-ს მოდელზე დაყრდნობით
თავად პროექტი SIMSEA (Scenario simulations of the changing Black Sea ecosystem) მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური სტიპენდია იყო, რომელიც ბულგარელმა მკვლევარმა სვეტლა მილადინოვამ მიიღო. ის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მოდელირების გუნდისთვის ფასდაუდებელი შენაძენი აღმოჩნდა. „როცა მე შევუერთდი გუნდს, რომელიც პროექტის SIMSEA განხორციელების დროს მხოლოდ სამი ადამიანისგან შედგებოდა, კვლევის დასაწყებად შესანიშნავი დახმარება მივიღე და მათ მთელი პროექტის განმავლობაში გამიწიეს მეგზურობა,“ განმარტავს ის. „წარმატების გამო, მათთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელე.“ კერძოდ, ამჟამად ის შავ ზღვაში დამბინძურებლების ბედს და მოტივტივე ნაგვის გავრცელებას იკვლევს. „მიმდინარე კვლევები ნამდვილად იმ შედეგებს ეყრდნობა, რომლებსაც SIMSEA-ს პროექტში მივაღწიეთ და მე ამ საქმით ვიქნები დაკავებული უახლოეს მომავალში.“ კერძოდ, ამ ახალი კვლევების ჩატარება შესაძლებელი გახდა SIMSEA-ს მოდელისთვის ხელსაწყოების დამატებით. ამ ხელსაწყოებს შეუძლია სიმულირება გაუკეთოს ზღვაში მოტივტივე ნაგვის ტრანსპორტირებას და ასევე მეტწილად მდინარეებიდან ზღვაში მოხვედრილი კონტამინანტების ადვექციასა და დიფუზიას.
პოლიტიკის უფრო ფართო გავლენა
SIMSEA-ს მემკვიდრეობა პოლიტიკის თვალსაზრისითაც გამოიყენება. მტკნარი წყლისა და საზღვაო მოდელირების ხელსაწყოების გამოყენებით სტიპსი და მისი გუნდი ევროკომისიის გარემოს დაცვის გენერალურ დირექტორატს ეხმარება პოლიტიკის განხორციელების პროცესის მონიტორინგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემოთავაზებული ღონისძიებების შეფასებასა და ევროპის ყველა რეგიონულ ზღვაში სამეცნიერო კონსულტაციებში. „კონკრეტულად შავ ზღვასთან დაკავშირებით, 2023 წლამდე ჩვენი მუშაობის მხარდასაჭერად ახლახან ევროკომისიის გარემოს დაცვის გენერალურ დირექტორატთან ვრცელ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი,“ დასძენს სტიპსი. თუმცა, მათ მიერ შესრულებული ყველა უახლესი სამუშაოს მიუხედავად, სტიპსი აღიარებს, რომ შავი ზღვა სხვა რეგიონულ ზღვებთან (ბალტიისპირეთი და ჩრდილოეთი) შედარებით ბევრად ნაკლებადაა ცნობილი და გამოკვლეული. ამიტომ, შემდგომი კვლევისთვის ჯერ კიდევ ბევრი შესაძლო ვარიანტი არსებობს. თუმცა, ერთობლივი კვლევითი ცენტრი კონცენტრირებულია პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო საკითხებზე, როგორიცაა წყალმცენარეების ყვავილობა, ზღვის ნაგავი, კონტამინანტები და გადაჭარბებული თევზჭერა. „დაბოლოს, ახლახან დავიწყეთ მუშაობა შავი ზღვის საკვები ქსელის ახალი მოდელის შემუშავებასა და დანერგვაზე, რომელიც მოიცავს თევზებს, კუებს, დელფინებსა და ზღვის ფრინველებს და რომელიც ჩვენს ბიოგეოქიმიურ მოდელთან ბუნებრივად არის შერწყმული. აღნიშნული მოდელი თავდაპირველად SIMSEA-ზე მუშაობისას შევქმენით,“ ასკვნის სტიპსი. მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ბნელ სიღრმეებში მართლაც ბევრი საიდუმლო ინახება, სტიპსის, მილადინოვას და ერთობლივი კვლევითი ცენტრის თანამშრომლების სამეცნიერო შრომა ნამდვილად ხელს უწყობს ამ საიდუმლოებების ამოხსნას და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზღვის უკეთესად შესწავლას.
Keywords
SIMSEA, შავი ზღვა, ეკოსისტემა, ინვაზიური, სახეობები, დამბინძურებლები, ზღვის ნაგავი, კონტამინანტები