Skip to main content
European Commission logo
English English
CORDIS - EU research results
CORDIS
CORDIS Web 30th anniversary CORDIS Web 30th anniversary

PORT-Cities: Integrating Sustainability

Article Category

Article available in the following languages:

საპორტო ქალაქები დროსთან ერთად (სწრაფად) იცვლება

საპორტო ქალაქები მმართველობასა და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგანან. ამ პრობლემებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ პოტენციალს, გახდნენ ეროვნული და საერთაშორისო ზრდის ლოკომოტივები. ინიციატივაში CIVITAS შემავალი პროექტი PORTIS ამ პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობს ევროპის მასშტაბით ხუთ ძირითად საპილოტე საპორტო ქალაქში.

საპორტო ქალაქების პოტენციალი მხოლოდ მათ წინაშე არსებული გამოწვევების დიდ რაოდენობას შეიძლება შევადაროთ. ეს ქალაქები ევროკავშირის მიერ პრიორიტეტულ სამოქმედო არეებად და ევროპის ძირითად აქტივებადაა მიჩნეული, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკუთარი პორტის ქონასთან დაკავშირებული სირთულეები დროსთან ერთად იზრდება. მათ უნდა გადაწყვიტონ ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ქალაქისა და პორტის მართვა, სოციალური იზოლაცია, დიდი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, პორტებსა და ქალაქების ცენტრებს შორის ინტეგრაციის სისუსტე, მგზავრების დამოკიდებულება მანქანებზე და ტვირთების გადაზიდვის სწრაფი ზრდა. პროექტი PORTIS (PORT-Cities: Integrating Sustainability) 33 წევრისგან შედგენილ კონსორციუმს, რომელსაც ქალაქ ანტვერპენის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს, საპორტო ქალაქებში სრულმასშტაბიანი „ინოვაციის სისტემის“ დანერგვის საშუალებას აძლევს. „ძირითადად, ჩვენ ორ პერსპექტივას განვიხილავთ,“ ამბობს პროექტის კოორდინატორი მარეიკე დე რუკი. „პირველი - ესაა პროდუქტისა და მომსახურების მოძრაობის გაუმჯობესება. მეორე - ურბანული სივრცეებისა და სატრანსპორტო ქსელების დიზაინისა და მუშაობის გაუმჯობესება.“ მოძრაობასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად პროექტმა შეიმუშავა, თვალსაჩინო გახადა და შეაფასა ღონისძიებათა განსაზღვრული კომპლექტები ხუთ მთავარ საპორტო ქალაქში: ჩრდილოეთ ზღვაში - აბერდინსა და ანტვერპენში, ხმელთაშუა ზღვაში - ტრიესტში, ბალტიის ზღვაში - კლაიპედაში და შავ ზღვაში - კონსტანტაში. მაგალითად, კონსტანტაში ძირითად პრობლემას წარმოადგენდა ცუდი მისაწვდომობა და ამის შედეგად წარმოქმნილი საცობები. პროექტის კონსორციუმმა, მათ შორის რუმინელმა პარტნიორებმა, სამი ძირითადი მიზნის მქონე 11 ღონისძიება გაატარეს. პირველი მიზანი იყო ქალაქსა და პორტს შორის მოძრაობის მართვის ეფექტური და ინტეგრირებული სისტემის დანერგვა. მეორე მიზანი იყო კერძო მანქანებით სარგებლობისთვის ხელის შესაშლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტის უკეთესად ინტეგრირება ქალაქსა და პორტს შორის. და ბოლოს, მესამე მიზანი იყო საპორტო სივრცეზე წვდომის გაუმჯობესება შესასვლელების რაოდენობისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წილის გაზრდით. „პროექტმა შესაძლებელი გახადა უპრეცედენტო დიალოგი მოქალაქეებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, ხოლო გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემა რელევანტურ მონაცემებს დაეფუძნა. ამასთან ერთად, პორტმა და ქალაქმა მანქანებზე ნაკლებად დამოკიდებული რეგულარული მგზავრობის თაობაზე თანამშრომლობის პროტოკოლი გააფორმეს. დაინერგა პორტამდე რეგულარული მგზავრობის ახალი გზები,“ განმარტავს დე რუკი. საჯარო ტრანსპორტს დაემატა 104 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 41 ელექტრულია. ქალაქს დაემატა ავტობუსის 39 ახალი გაჩერება და 133 კმ სიგრძის ახალი ხაზები ავტობუსებისთვის.

ახალი დასაწყისი

პროექტის PORTIS შემდეგ კონსტანტა სრულიად ახალი ქალაქია. პროექტის კონსორციუმის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ნავსადგურებში 100 ახალი სამუშაო ადგილი და 15 ახალი საწარმო შეიქმნა. რეგულარული მგზავრობის დრო 10 %-ით შემცირდა, ხოლო მანქანით რეგულარული მგზავრობა - 4 %-ით. ველოსიპედით და ფეხით გადაადგილება კი 36 %-ით გაიზარდა. პროექტის PORTIS შედეგები შეიძლება შავი ზღვის რეგიონში შთაგონების წყაროდ იქცეს სხვა საპორტო ქალაქებისთვის, რომლებიც გაუმჯობესებული მდგრადობის მიღწევას ცდილობენ. დადებითი ტენდენციები სხვა საპილოტე ქალაქებშიც გამოვლინდა. ქალაქ ანტვერპენის ადმინისტრაციამ მონაცემების შესაგროვებლად, მოქალაქეების ყურადღების მისაქცევად და მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად მგზავრობის კომბინირებული მგეგმავი შექმნა. ადგილობრივებში მანქანით სარგებლობა 7 %-ით შემცირდა, ხოლო ველოსიპედით მგზავრობა 6 %-ით გაიზარდა 2017 - 2019 წლებში. აბერდინში პიკის საათებში მოძრაობა 8 %-ით შემცირდა, ხოლო კლაიპედაში საჯარო ტრანსპორტის პუნქტუალობა 12 %-ით გაიზარდა. „საპორტო ქალაქებთან მუშაობით პროექტი რეპროდუქციის ძლიერ პოტენციალს შექმნის. ეს სიმართლეა არა მხოლოდ სხვა საპორტო ქალაქებისთვის, არამედ განსხვავებული ტიპის ქალაქებისთვისაც, რომლებიც სატრანსპორტო კვანძებს და მაგნიტებს წარმოადგენს. მაგალითისთვის შეიძლება განვიხილოთ სამრეწველო ცენტრები, სატრანსპორტო ცენტრები, კომერციული რაიონები, გასართობი კომპლექსები ან ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) კვანძები,“ აღნიშნავს დე რუკი. მომავალში რაც არ უნდა მოხდეს, პროექტი PORTIS აუცილებლად მისცემს სტიმულს მმართველობის გაუმჯობესებასა და უფრო მდგრადი და ჯანსაღი გარემოს შექმნას საპორტო ქალაქებში. მისი შედეგები ხელს შეუწყობს უფრო ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემების ჩამოყალიბებას და ამავე დროს, ურბანული სატვირთო ტრანსპორტის ეფექტურობას გააუმჯობესებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის საპორტო ქალაქებს დაეხმარება, რომ ზრდის ცენტრებად გადაიქცნენ და ღირსეული ადგილი დაიბრუნონ მთელ ევროპაში.

Keywords

PORTIS, CIVITAS, შავი ზღვა, საპორტო ქალაქები, მობილობა, საცობი, კონსტანტა

Discover other articles in the same domain of application