Skip to main content
European Commission logo
English English
CORDIS - EU research results
CORDIS
CORDIS Web 30th anniversary CORDIS Web 30th anniversary

Researches on the potential conversion of conventional fish farms into organic by establishing a model and good practice guide

Article Category

Article available in the following languages:

აკვაფონიკის ინოვაციური მოდელი მდგრადი აკვაკულტურისკენ მიმავალ გზას გვთავაზობს

მდგრადი მეთევზეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების პირობებში ზღვის მგრძნობიარე ეკოსისტემების შესანარჩუნებლად. ამ მიზნით შავი ზღვის რეგიონში ჩვეულებრივი მეთევზეების დასახმარებლად შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც მათ აკვაკულტურის უფრო მდგრადი მეთოდების გამოყენებაში ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის რეგიონს უსაზღვრო ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს, საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია თევზის მარაგის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის. ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტაა აკვაფონიკა. მდგრადი წარმოების ეს კონცეფცია კომერციულ მეთევზეობასა და მცენარეების ჰიდროფონურ კულტივაციას ერთმანეთთან აკავშირებს. აკვაფონურ სისტემებში თევზისგან მიღებული სასუქი მცენარეებს საკვებ ნივთიერებებს აწვდის პირდაპირ ან მას შემდეგ, რაც ბაქტერიები ამიაკს ნიტრიტებად ან ნიტრატებად გარდაქმნის. „აკვაფონიკის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თევზის საკვების ერთი შეტანით ყალიბდება წარმოების ორი ნაკადი: თევზები და ბოსტნეული,“ განმარტავს პროექტის ECOFISH (Research on the potential conversion of conventional fish farms into organic by establishing a model and good practice guide) კოორდინატორი ადრიან ტურეკ-რაჰოვეანუ, რომელიც ლექციებს კითხულობს რუმინეთში ბუქარესტის აგრარული მეცნიერებებისა და ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტში. „ბოსტნეულის წარმოება წარმოუდგენლად ეფექტური ხდება წყლისა და მკვებავი ნივთიერებების მუდმივი მიწოდების გამო. ბოსტნეულის მოყვანა შესაძლებელია ვერტიკალურადაც, რაც საჭირო მიწის რაოდენობას ამცირებს. ჰერბიციდები და პესტიციდები აუცილებელი არაა.“ მთავარ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ აკვაფონიკა თავიდან დიდ საინვესტიციო დანახარჯებსა და სპეციალიზებულ ცოდნას მოითხოვს. „პერსონალი უნდა ერკვეოდეს როგორც თევზებში, ისე მოსაყვან მცენარეებში,“ აღნიშნავს ტურეკ-რაჰოვეანუ. „წყლის ტუმბოები მუდმივად უნდა იყოს ჩართული, რაც ელექტროენერგიის დანახარჯებს ზრდის.“ ამ დაბრკოლებების გადალახვამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეგიონს, რომ უფრო მოქნილი გახდეს გლობალური დათბობის, გვალვის და წყლის შეზღუდული რესურსების პირობებში. „აკვაფონური სისტემები გარემოზე ან კლიმატზე დამოკიდებული არაა,“ ამბობს ის. „ისინი ტემპერატურის კონტროლის მქონე სივრცეებშია განთავსებული და არაა დამოკიდებული ნიადაგზე.“

ეკოლოგიურად სუფთა აკვაკულტურა

ამ კონტექსტში, რეგიონში აკვაფონური სისტემების პოპულარიზაციისთვის დაიწყო პროექტი ECOFISH და მასში სხვებთან ერთად რამდენიმე რუმინელი პარტნიორიც ჩაერთო. ეს კვლევა ჩატარდა პროგრამის „Marie Skłodowska-Curie Actions“ მხარდაჭერით. „ჩვენი მიზანი იყო, რომ აკვაკულტურის სფეროში მომუშავე საწარმოებს დავხმარებოდით ეკოლოგიურად უფრო სუფთა მეთოდების ათვისებაში, რესურსების ეფექტურობის გაუმჯობესებასა და მათი საბოლოო პროდუქტებისთვის მეტი ღირებულების შეძენაში,“ განმარტავს ტურეკ-რაჰოვეანუ. ამ მიზნის მისაღწევად და აკვაფონური წარმოების პლატფორმის შესაქმნელად პროექტის გუნდმა რამდენიმე კვლევით დაწესებულებასა და უნივერსიტეტს ერთად მოუყარა თავი. სათევზე მეურნეობების კვლევა ჩატარდა რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში. ეს შედეგები იქნა გამოყენებული აკვაფონური რეცირკულაციის სისტემის დიზაინში. მოდელი შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ისეთი პოტენციური მოსარგებლეების მოთხოვნები, როგორიცაა რეგიონში უკვე მომუშავე მეთევზეები და ასევე მეწარმეები, რომლებიც მდგრადი აკვაკულტურის შესაძლებლობებით არიან დაინტერესებულნი. „ტექნოლოგიური ასპექტების განსაზღვრასთან ერთად, ჩვენ ასევე შევაფასეთ ეკონომიკური რისკი და სათევზე მეურნეობების მიერ აკვაფონიკის გამოყენების შესაძლებლობა მათი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად,“ აცხადებს ტურეკ-რაჰოვეანუ. ეს შედეგები წარმოდგენილია პროექტის დოკუმენტებში, როგორიცაა, მაგალითად, Economic Feasibility Analysis in Aquaponics (ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი აკვაფონიკაში). მას შემდეგ პროექტის მიერ შემუშავებული აკვაფონიკის მოდელი ფართოდ გავრცელდა რეგიონის მეთევზეებში და ასევე ადგილობრივებით დასახლებულ ადგილებში, სადაც თევზების, მდინარის კიბოებისა და კრევეტების წარმოებას პოტენციალი აქვს.

მეთევზეობის მომავალი

პროექტის ECOFISH კონსორციუმი მიზნად ისახავს ამ სამუშაოს გაგრძელებასა და განვითარებას. მომდევნო კვლევების ნაწილი იქნება რეცირკულაციის სისტემების დეტალური შესწავლა, რათა წარმოების ეფექტურობა უფრო გაიზარდოს. ეს კვლევა შეესაბამება 2018 წლის სოფიის მინისტერიალის დეკლარაციას, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებს უფრო მდგრადი მეთევზეობისა და აკვაკულტურის შექმნისკენ. „ამ პროექტში ჩართულ მკვლევართა ჯგუფი ახლა უფრო დაწვრილებითი ბიზნეს-გეგმების შედგენაზე მუშაობს აკვაფონური სათევზე საწარმოებისთვის, რომლებიც რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მომავალში ამუშავდება,“ აღნიშნავს ტურეკ-რაჰოვეანუ. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ინოვაცია რეგიონს ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სარგებელს მოუტანს.“ როგორც ის ამბობს, პროექტის გუნდი რუმინეთში პირველი აკვაფონური სათევზე საწარმოების შექმნას ელოდება ყველაზე მეტად: „ამაში ჩვენი პროექტის წვლილიც იქნება მკვლევართა გუნდების მიერ გაცემული მხარდაჭერისა და რჩევების სახით.“

Keywords

ECOFISH, აკვაკულტურა, აკვაფონური, მდგრადი, საზღვაო, თევზი, შავი ზღვა

Discover other articles in the same domain of application