Skip to main content
European Commission logo
English English
CORDIS - EU research results
CORDIS
CORDIS Web 30th anniversary CORDIS Web 30th anniversary

Drivers of Pontocaspian biodiversity RIse and DEmise

Article Category

Article available in the following languages:

შავი ზღვისა და კასპიის ზღვის უნიკალური ბიოტა შემაშფოთებელი ტემპით ნადგურდება

ბიომრავალფეროვნების დანაკარგებზე ფიქრისას ხშირად მხოლოდ კარგად ნაცნობი სახეობები გვახსენდება, როგორიცაა ვეფხვი ან სპილო. მაგრამ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, როგორ შეუმჩნევლად ქრება ასობით სხვა უნიკალური სახეობა ზოგადი გულგრილობის ფონზე.

საფრთხე ემუქრება შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და მათ ბიოტას. პონტო-კასპიური სახეობების დიდი ნაწილი თანდათან ქრება ხმელეთით გარემოცულ ამ წყლებში, რომლებიც ცნობილია უჩვეულო მარილიანობის რეჟიმითა და დაბალი ჟანგბადიანობის ფართოდ გავრცელებული ზონებით. ამის ძირითადი მიზეზებია კლიმატის ცვლილება, ჰაბიტატის განადგურება, ინვაზიური სახეობების შემოჭრა და გარემოს დაბინძურება. „ჩვენ თვალწინ შეწყდება 15 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუციური ექსპერიმენტი,“ აღნიშნავს მოლუსკების პალეონტოლოგი ფრანკ ვესელინგი, რომელიც წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცენტრს Naturalis Biodiversity Center. „დღეს განსაკუთრებულ განსაცდელში არიან რეგიონის უნიკალური სახეობები, როგორიცაა ზუთხი, კასპიის სელაპი და პატარა თევზების ასობით სახეობა, კიბოსნაირები და მოლუსკები, რომლებიც ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უჩვეულო და ცვლადი მარილიანობის პირობებს შეეგუენ.“ ავიღოთ, მაგალითად, კასპიის ზოლებიანი მიდია. ეს სახეობა, რომელიც ადრე ყველაზე გავრცელებული მოლუსკი იყო ორივე ზღვაში და პალეონტოლოგიური მონაცემების მიხედვით მისი უძველესი ნაშთი 5 მილიონ წელს ითვლის, 20 - 30 წლის წინ აქ სრულიად გაქრა. ასეთი გაქრობის შედეგების პროგნოზირება დღეს შეუძლებელია. ვესელინგი პროექტით PRIDE (Drivers of Pontocaspian biodiversity RIse and Demise) მიზნად ისახავდა, შეესწავლა ასეთ მოვლენებზე ეკოსისტემის რეაგირება და ზოგადად, ადამიანთა პერტურბაცია. „ახლა ბევრად უკეთესად ვხვდებით, რომელი ჯგუფებია ცვლილებებისადმი მგრძნობიარე და რომელი - უფრო მოქნილი. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია, დავიცვათ ზოგიერთი სახეობები, უკვე ნათელია, რომ ყველას გადარჩენას ვერ შევძლებთ.“ „მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია, რომ კასპიის სელაპი დაკარგავს ნაშიერების დასაყრელი ბუნაგების უმეტესობას მოსალოდნელი დათბობისა და ზღვის დონის დაცემის გამო, რომელიც მომდევნო 80 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 18 მეტრს მიაღწევს. გარდა ამისა, საფრთხე ემუქრება კიბოსნაირების ექვსივე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია შავ ზღვასა და კასპიის ზღვაში, ასევე, მნიშვნელოვანია, დამატებით ვიზრუნოთ მცირე ლოკოკინის ზოგიერთ სახეობაზე.“ კვლევა PRIDE ითვალისწინებდა ბიოლოგების, გეოლოგებისა და კლიმატოლოგების მუშაობას მთელ რეგიონში და არა ცალკეულ აუზებში. მისი ძირითადი მიზანი იყო ბიომრავალფეროვნების წარსული და ახლანდელი კრიზისების გამომწვევი მიზეზების დადგენა. 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებისგან შემდგარმა გუნდმა შეძლო, გამოევლინა, რომელი ჯგუფები დაზარალდებოდა ყველაზე მეტად მიმდინარე პერტურბაციის გამო და რატომ.

პირქუში მომავალი

„მომავალი პირქუში ჩანს,“ ამბობს ვესელინგი. „რეგიონის რამდენიმე სახეობა, როგორიცაა ზოლიანი მიდიები, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მასიური პარაზიტები გახდნენ. მათ იქაურ ეკოსისტემასა და ადამიანებზე მოახდინეს ძალიან ძლიერი გავლენა, რომელიც ან სასარგებლო ან მკვეთრად უარყოფითი იყო. „კარგი“ აქ ისაა, რომ ისინი გადარჩებიან. მაგრამ ამას გარდა, მწარე სიმართლე ისაა, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ თითქმის ყველა ხელუხლებელი ბუნებრივი სივრცე. და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უნიკალური პონტო-კასპიური ბიოტას გადარჩენილი სახეობებიდან უმეტესობას კიდევ დავკარგავთ.“ მთლიანობაში, გასული 50 წლის განმავლობაში ადგილობრივი სახეობების ნახევრიდან სამ მეოთხედამდე საფრთხის ქვეშ დადგა, გადაშენების პირას მივიდა ან გადაშენდა. მიუხედავად იმისა, რომ ვესელინგი დაჟინებით მოითხოვს, გაძლიერდეს გარემოსდაცვითი ღონისძიებები ამ უნიკალური სახეობების შესანარჩუნებლად, ინვაზიური სახეობების ხშირი შემოჭრა, გარემოს დეგრადაცია და კლიმატის ცვლილება ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. „საბოლოოდ, აკვაბიოტა გადარჩება, მაგრამ სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება მხოლოდ რამდენიმე გლობალური სახეობა და არა რეგიონისთვის ოდესღაც დამახასიათებელი უნიკალური სახეობების მრავალფეროვნება.“ PRIDE-ის ფარგლებში შეიქმნა მკვლევარების ფართო ქსელი, რომელიც პროექტის დასრულების მიუხედავად, კვლავ გააგრძელებს გარემოსდაცვითი მოქმედებების შესახებ ცოდნის გავრცელებას. ის ასევე გვთავაზობს ტაქსონომიურ საინფორმაციო პლატფორმას პონტო-კასპიური ბიოტის შესახებ და საინფორმაციო სისტემას კლიმატის მონაცემების, ანთროპოგენური ზეწოლისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ კასპიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონში.

Keywords

PRIDE, კასპიის ზღვა, შავი ზღვა, პონტო-კასპიური, ბიომრავალფეროვნება, ბუნების დაცვა

Discover other articles in the same domain of application